რატომ აჭარბებს ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 100%-ს
დღეს სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი აჭარბებს 100%-ს, ტოვებს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის შთაბეჭდილებას.

ამ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ცესკოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროცენტული მაჩვენებლების მეასედის სიზუსტით გამოქვეყნება ემსახურება მხოლოდ შედეგების მარტივ აღქმას. შესაბამისად, მათი მექანიკური შეკრება არასწორი და არაკორექტულია.

შეგახსენებთ, რამდენიმე ექსპერტმა ჯამურ პროცენტულ მაჩვენებლად 102% გამოიყვანა.

,,ცესკოს შესაძლებლობა აქვს პროცენტული მაჩვენებლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მემილიონედის და მეტი სიზუსტით, რაც მექანიკური დაჯამებით სპეკულირებას გამორიცხავს. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული თითოეული სუბიექტის მიერ მიღებული ხმები სრული სიზუსტით არის ასახული წინასწარ შედეგებში და საბოლოო შედეგებიც სწორედ სუბიექტების მიერ მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება." - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები