შშმ პირთა დაცვის დღე გორში
გორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის წინ ჩატარდა, გორის, ქარელისა და ხაშურის დღის ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ხიდაშელი იყო, რომელიც ხაშურის დღის ცენტრ ,,მომავლის სახლის"" აღსაზრდელია.

,,მომავლის სახლში"" ვერთობი, ვსწავლობ, ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ. ამ ნივთების გაკეთებაშიც ვმონაწილეობდი. ჩანჩქერი გავაკეთე ბრჭყვიალა ქვებით"" - ამბობს გიორგი. გარდა ამისა, გიორგიმ იმღერა და ქართველ დედაზე ლექსიც წაიკითხა.

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თინა ბრეგვაძის თქმით, მასში 120-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობდა.

,,14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბენეფიციარებისთვისაც აღგვენიშნა ეს დღესასწაული. სულ 120-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობდა"" - განაცხადა თინა ბრეგვაძემ.

ღონისძიებას გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გორის მერია ყოველთვის მხარს უჭერს ამგვარ აქტივობებს.

,,ღონისძიებაში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი მონაწილეობს, რომლის ბენეფიციარებსაც ყოველთვის მხარს უჭერს გორის მუნიციპალიტეტის მერია. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გვერდზე დგომა. მიხარია, რომ მათ შეძლეს დღევანდელ დღეს თავისი შემოქმედება წარმოედგინათ და რაც შეუძლიათ ისე ეჩვენებინათ თავისი ხელოვნება"" - განაცხადა გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევაა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები