წარმატების ფასი გამყოფ ხაზთან - დავით ბალამწარაშვილი აძვიდან (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვიდან დავით ბალამწარაშვილი გორში სავარჯიშოდ დადის. მას ორი სოფლის - ახალუბნისა და პატარა მეჯვრისხევის გავლა ფეხით უწევს. დიდ მეჯვრისხევიდან კი, ავტობუსით გორში მიდის.

ცდილობს უკან იმ დროს დაბრუნდეს, როდესაც გორიდან ჯარიაშენის მიკროავტობუსი გადის. ხშირად არის შემთხვევა, რომ ვარჯიშის შემდეგ, სამგზავრო ტრანსპორტს ვერ უსწრებს. ამიტომ, გამოსავალი იპოვა. მიკროავტობუსს ბერბუკამდე მისდევს. ბერბუკიდან კი, ავტოსტოპით (გზაზე მანქანას აჩერებს) ბრუნდება სოფელში.

ბალამწარაშვილი ამჯამად მეათე კლასშია. ის საზოგადოება ,,ბილიკის" პროექტის ფარგლებში გავიცანით იმ დროს, როდესაც ,,თიბისი" ბანკმა სტიპენდია დაუნიშნა. მის უკეთ გასაცნობად დათოს სკოლაში და სავარჯიშო დარბაზში ვესტუმრეთ.

დათო ბალამწარაშვილი: ,,ჩემი ერთი დღე ასე იწყება. დილით ვიღვიძებ. რა თქმა უნდა, მოვდივარ სკოლაში, ვსწავლობ. შემდეგ გაკვეთილებიდან ვეთხოვები, რომ მოვასწრო და ვარჯიშზე წავიდე. მივდივარ სახლში. მერე ისევ გორში მივდივარ. ავტობუსი ჩვენთან არ დადის, რომელ საათზეც მე მინდა - პირველ საათზე. დადის თორმეტზე და სამზე და შესაბამისად მიწევს, რომ გავიარო ორი სოფელი, ჩავიდე ქვემოთ სოფელში და იქიდან გავყვე ავტობუსს. მიწევს 5 კილომეტრ მანძილის გავლა, იმიტომ, რომ ჩვენ სოფელში არ მოდის ხშირად მარშუტკა. იშვიათად ამოდის და ამიტომ მოსაცდელამდე მიწევს 5 კილომეტრის გავლა"

ნინო ბიძინაშვილი - აძვის სკოლის დირექტორი: ,,დავით ბალამწარაშვილი არის ჩვენი მეათე კლასელი მოსწავლე, რომელიც არს ძალიან მოწესრიგებული ბიჭი. აქვს კარგი აკადემიური მოსწრება. კიდევ უფრო მეტი შეუძლია, რასაც აკეთებს სინამდვილეში. სპორტში აქვს ძალიან დიდი მიღწევები, კონკრეტულად კინგბოქსინგში. არის საკმაოდ წარმატებული მოსწავლე და მადლობა მინდა გადავუხადო ,,თი-ბი-სი"" ბანკს და საზოგადოება ,,ბილიკს"" იმისათვის, რომ შეარჩია დათო და გახდა სტიპენდიანტი ,,თი-ბი-სი"" ბანკისა და ხელის შეწყობა აქვს იმითი, რომ უფრო მეტად განვითარდეს. მას სჭირდებოდა ნამდვილად ეს დახმარება, იმისთვის, რომ გადაადგილებაში ხელშეწყობა ჰქონოდა, იმისთვის, რომ სპორტზე უწევს აძვიდან ქალაქ გორში სიარული"".




დათო ბალამწარაშვილი ვარჯიშობს ვლადიმერ ჯანეზაშვილთან, კიკბოქსინგის სექციაში:

,,ჩვენი დარბაზი კარგი დარბაზია. დიდი დარბაზია წინა დარბაზთან შედარებით. მომწონს, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ჯერ არა გვაქვს აბანოები და გამოსაცვლელები, მაგრამ ეშველებაო, გვითხრეს. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ვვარჯიშობ. მიყვარს და ჩემი აზრით, ეს გამომდის ყველაზე კარგად. საქართველოს ყველა კუთხეში ტარდება შეჯიბრები. არის საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მაგალითად, ბაქოში ვიყავი ეხლა და უფრო ხშირად საქართველოში. შეჯიბრებებზე შედეგები მაქვს, პირველიც, მეორეც, მესამე ადგილიც ამიღია. უფრო მეტად პირველი და მეორე. ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ. სულ ისეც არ იქნება, მაგრამ პირველიც ძალიან ბევრჯერ. როდესაც მთავრდება ჩემი ვარჯიში, მივდივარ გორის მოსაცდელში და იქიდან მოვყვები ჯარიაშენის მარშუტკას. თუ ჯარიაშენის მარშუტკამ გამომასწრო, შემდეგ მეჯვრისხევის მარშუტკას და იქიდან ისევ ფეხით მიწევს ამოსვლა. ჩემთვის ორივესაც გამოუსწვრია და შემდეგ ამოვსულვარ ბერბუკში და იქიდან ავტოსტოპით წამოვსულვარ." - ამბობს დათო.

დილით სახლიდან ცხრის ნახევარზე გადის. ცხრა საათზე სწავლა. სკოლიდან სახლში ბრუნდება, შემდეგ მიდის გორში. გორიდან კი, სოფელში 7 ან 8 საათზეა:

,,თუ დამაგვიანდა რვაზეც ვარ სახლში. ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ შეძლებისდაგვარად, რასაც შევძლებ , სწავლას ვასწრებ ხოლმე. გაკვეთილებს იმდენად, მაგალითად, რომ ვთქვა, რომ ათოსანი ვარ ვერ ვსწავლობ, როგორც სხვები არიან, მაგრამ, რასაც ვასწრებ ვსწავლობ" - აღნიშნავს დათო ბალამწარაშვილი.


მასალა მომზადებულია საზოგადოება "ბილიკი" ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს "ახალგაზრდები ცვლილებებისათვის", რომლის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები