სულხან-საბა ორბელიანი გორში - რეკლამა, რომელიც მოუხდა ქალაქს
გორში, ქუთაისისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე სულხან-საბა ორბელიანის ნახატი გაჩნდა, რომელიც 25 ივნისს საბაუნის წარმომადგენლებმა დახატეს. 

,,სულხან-საბა ორბელიანი უკვე გორშიც დაგხვდებათ და შეგახსენებთ, რომ განათლება თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარია." - აღნიშნავენ საბაუნის (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი) წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მოქალაქე ნახატს პატივისცემით ნიშნად ეამბორა კიდეც. გამვლელებისთვის ის სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. კომენტარები არც სოციალურ ქსელში დაიშურეს:

,,ვნახე და თვალში სასიამოვნოდ მომხვდა. მართლაც რომ კარგი გამოწვევაა ახალგაზრდებისათვის" - წერს მარინე მღებრიშვილი. მარინე ბუზალაძემ კი, დიდი ქართველი განმანათლებლის სიტყვები მოიშველია: ,,ყოველივე კათილის ქმნა სიცოცხლეში სჯობს და სიკეთის ქმნას დაეშურეთო"

,,სულხან-საბა ევროპაში გორიდან გაემგზავრა" - ელდარ მამისთვალიშვილი

,,გორთან დაკავშირებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ქალაქიდან დაიწყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, რაც ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს გორის დიდ მნიშვნელობაზე მე-18 ს. პირველი მეოთხედის ქართლის სამეფოში" - წერს გორელი ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი თავის წიგნში ,,გორის ისტორია".

ვახტანგ VI 1712 წლის 23 აპრილს ირანს გაემგზავრა. მის ამალაში იყო სულხან-საბაც. იმავე წლის დასასრულს ვახტანგმა თავისი ბიძა და აღმზრდელი უკან დააბრუნა. სულხან-საბა ვახტანგის ოჯახთან დასახლდა გორში, რადგან ირანში გამგზავრების წინ ვახტანგმა დედოფალი და შვილები გორში დატოვა.

სულხან-საბამ გორში გაიცნო ფრანგი აბატი ჟან რიშარი, რომელიც ირანიდან ჩავიდა. რიშარმა კი, ირანში ვახტანგ მეფე გაიცნო და მის მესაიდუმლედ იქცა. გორში ჩამოსვლისას რიშარმა საბას მეფის წერილი გადასცა. ელდარ მამისთვალიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ წერილის შემდეგ, სულხან საბამ ევროპაში წასვლა გადაწყვიტა და ქვეყნის გადარჩენის მიზნით მხარდამჭერები მოეძებნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები