გორში მეჯუდას სანაპიროს შესაძლოა ომარ ჩუბინიძის სახელი ეწოდოს
გორში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპიროს, შესაძლოა, ომარ ჩუბინიძის სახელი ეწოდოს. ამის შესახებ წერილობითი მოთხოვნით, მერიას მიმართა საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემ.

სანაპირო მდებარეობს მდინარე მეჯუდას გასწვრივ და გაუყვება გოგებაშვილის სკვერს. ინიციატივა, პაპუნა კობერიძესთან ერთად, მწერალ ვაჟა შაქარაშვილს ეკუთვნის:

,,მე ამ საკითხზე ვესაუბრე პაპუნა კობერიძეს და მიმაჩნია, რომ ეს იქნება ღირსეული ნაბიჯი იქნება გორის მერიისგან. ომარ ჩუბინიძე გახლდათ ის პიროვნება, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ზრუნავდა ქალაქისთვის. ის იყო პრეფექტი და, მისი დამსახურებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, გორი ასცდა სისხლისღვრას. მისი პრეფექტობის პერიოდში, გაჩნდა გიორგი ბრწყინვალის, გორიჯვრის, აღმაშენებლის, თამარ მეფის და ა.შ. ქუჩები. ის იყო პიროვნება, რომლის ხსოვნას იმსახურებს გორი" - აცხადებს ვაჟა შაქარაშვილი.

გორის საკრებულოში აცხადებენ, რომ საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, შესაძლოა, პაპუნა კობერიძემ ინიციატივა დროებით გაითხოვოს, რადგან პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წელი არ არის გასული.

ომარ ჩუბინიძე გარდაიცვალა 2003 წელს. მისი გარდაცვალებიდან გასულია 16 წელი. გორის მერიის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, პიროვნების გარდაცვალებიდან გასული უნდა იყოს 20 წელი.

,,მე ვფიქრობ, რომ გორის მერიამ და საკრებულომ გამონაკლისი უნდა დაუშვას და დავაფასოთ ეს ღირსეული ადამიანი. მე მის შესახებ წიგნიც დავწერე" - ამბობს ვაჟა შაქარაშვილი.

წიგნი ,,შეფიცულნი" ეძღვნება სწორედ ომარ ჩუბინიძეს.

,,ქართულ-ოსური კონფლიქტის პიკია. ის ერთადერთი გზა, რომელიც ცხინვალზე გადიოდა, ჩაიკეტა. იმ დროს მეორე-ე.წ. "შემოვლითი გზა" ანუ ხეითის გზა ჯერ არ არსებობდა. დიდი ლიახვის ქართულ სოფლებთან დასაკავშირებლად ერთადერთი გზა პარალიზებული იყო. მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა, რაც მარტოოდენ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი, თუმც გამწვავებულ სამხედრო დაპირისპირებათა გამო, რეალურ საფრთხეს შეიცავდა მისით მგზავრობა. ბინდდებოდა. ბლოკადაში მოქცეული ქართული მოსახლეობა სურსათ-სანოვაგით, მედიკამენტებით გადაუდებელ მომარაგებას საჭიროებდა. რამდენადაც ვერტმფრენით მგზავრობა რისკის შემცველი გახლდათ, მფრინავებმა რეისის შესრულებაზე უარი განაცხადეს... და ამ დროს ბატონი ომარი, თავის მცირეწლოვან ვაჟიშვილ-ვამეხთან ერთად ბორტზე ადის და ცდილობს დაარწმუნოს მფრინავი, რეისის შესრულების აუცილებლობაში. იმდენად შეძრა მოძმეთა ხვედრმა ბატონი ომარი, რომ მზად იყო საკუთარ შვილთან ერთად სიცოცხლე გაეწირა." - წერს ვაჟა შაქარაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები