უფლისციხეში ფლორენციელმა სპეციალისტებმა საშიში ზონები გამოკვეთეს
2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის ფარგლებში ძეგლზე მდგომარეობის საერთო გაუარესება შეინიშნება, რაც მონიტორინგის და ზიანის შემარბილებელი ზომების მიღების მხრივ, გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს. ამის შესახებ უცხოელმა მკვლევარებმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს წერილობით აცნობეს.

ნიკოლოზ ანთიძის სახელზე გაგზავნილ დოკუმენტს თან ახლავს სუათები, სადაც  დაზიანებული სამივე ზონის გამოსახულება ჩანს ჩამოშლამდე და ჩამოშლის შემდეგ.





უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესახებ წინასწარი დასკვნის ფარგლებში იდენტიფიცირებულია შემდეგი პოტენციური საფრთხეები:

1. გაშიშვლებული ქანი რბილ, გამოფიტულ, ძირითადად ძლიერ დაბზარულ ფაციას (ქვიშაქვის ფორმაციას) წარმოადგენს;

2. გასული წლის მანძილზე ქვათაცვენამ და დესტაბილიზაციურმა პროცესებმა გავლენა მთელს ქარაფზე იქონია;

3. ზემოთ ხსენებული პროცესები დღემდე აქტიურია და პოტენციურ საფრთხეს მთელს ძეგლს უქმნის, რაც პირველ რიგში კლდეში ნაკვეთი ქალაქის ზედა ნაწილში მიმდინარე რეტროგრესიულ ფენომენს გულისხმობს;

4. მთავარი კრიტიკული ზონის იდენტიფიცირებისა და რისკების შერბილების მიზნით აუცილებელია ძეგლის უფრო დეტალური კვლევა და მონიტორინგი. მონიტორინგის სისტემის მონტაჟი და რისკების შემცირების გეგმის შედგენა სასწრაფოდ უნდა განხორიცელდეს.



სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ საჭიროა ძეგლის რეგულარული მონიტორინგი, რაც ქანის ჩამოქცევის საშიშროებას შეამცირებს და ქარაფის მთავარ აქტიურ ზონას გამოავლენს. ასევე, ქანის ძირითადი ფიზიკური მახასითებლების, წყლით/ტენიანობით მოწყვლადობის, სიმაგრის პარამეტრების დასადგენად (მშრალ და სველ მდგომარეობაში)  ნიმუშებზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება.

შესამუშავებელია შესაფერისი საკონსოლიდაციო გეგმა, რომელიც TLS მონაცემებს და ქანის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს.

,,პირველი რეაგირება ყველაზე კრიტიკულ უბნებს უნდა შეეხოს, ამავდროულად, მიმდინარე მონიტორინგის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს პოტენციურად კრიტიკული უბნები. ახალი ჩამოქცევების თავიდან ასაცილებლად, რაც ყველაზე მეტად ზამთრის გავლენას მოყოლილი გაზაფხულის წვიმიანი სეზონის დროს არის მოსალოდნელი, საჭიროა რისკის შემამცირებელი მექანიზმების (ქანის გამაგრება, ანკერები) მონტაჟი." - წერია დასკვნაში.





ცნობისათვის, 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში ასევე 2019 წლის ივლისში, უფლისციხეში ქართველი და იტალიელი ექსპერტების ერთობლივი ჯგუფის მიერ ჩატარებული საველე კვლევების ფარგლებში გამოვლინდა ბოლო ზამთრის/გაფხულის მანძილზე განცდილი თერმული/კლიმატური გავლენის შედეგად მეწყრის და ქვათაცვენის ანომალიური ზრდა.




ბოლო კვლევებმა (2018 წლის ზაფხული - 2019 წლის ზაფხული) და ქარაფის რეგულარულმა ვიზუალურმა ინსპექციამ (დრონით მონიტორინგი, ლაზერული სკანირება (TLS ), ციფრული ფოტოგრამმეტრია) გამოავლინა, რომ მხოლოდ ერთი წლის მანძილზე უფლისციხის ქარაფის სამ სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ტიპოლიგიის, კინემატიკის და გავრცელების მასშტაბის ქვათაცვენა მოხდა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები