ოქრუაშვილის თქმით, გორის მერის 2014 წლის არჩევნებზე ,,ოცნებას" გარიგება შესთავაზა
ირაკლი ოქრუაშვილმა 2014 წელს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გორის მერის არჩევნებზე, გარიგება შესთავაზა. ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გარიგების მიხედვით, ,,ქართული ოცნება" ოქრუაშვილს გამარჯვების მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. ოქრუაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საქმეზე, პროკურატურას, 2014 წლის 1 აპრილს, ცრუ ჩვენება სწორედ ამ გარიგების საფუძველზე მისცა.

,,2014 წლის პირველ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს არის გორში ადგილობრივი არჩევნები და გორში ვაპირებ მერობაზე კენჭისყრას. ეს არის დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ბრჭყალებში ჯერ კიდევ ცხენზე ზის და მათთვის ძნელია, კონკურენციის გაწევა. მე დავიწყე ურთიერთობის გარკვევა და საერთო ენის გამონახვა იმ მიზნით, რომ მე ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი ხელი არ შემეშალა მე მათთვის, დისონანსი არ შემეტანა რაღაც მათ გეგმებში და მეორე, გარკვეული სახის, მინიმუმ ხელის არ შეშლა, მაქიმუმ მხარდაჭერა მიმეღო. ამისთვის, შუამავლობა და გარკვეული ურთიეღობების გარკვევა ვთხოვე დათო უსუფაშვილს, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. უსუფაშვილმა ივანიშვილისაგან მომიტანა ძალიან მარტივი მესიჯი, - პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება და მერე ვილაპარაკოთო. ანუ, არჩევნებთან დაკავშირებით ჩემ რაღაც საკითხის გარკვევაზე. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და, გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მე მომთხოვა ამ ჩვენების მიცემა. ისეთი სახით, როგორი სახითაც მიცემული მაქვს.“-განაცხადა ოქრუაშვილმა.


ქვემოთ ვიდეოზე: ოქრუაშვილი და მის მიერ დასახელებული კანდიდატი გორის ცენტრში



ოქრუაშვილის განცხადებას რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი დავით დვალი გამოეხმაურა. დვალმა, ოქრუაშვილის ჩვენება გამოაქვეყნა. ჩვენების მიხედვით, ოქრუაშვილს რუსთავი 2-ის ყიდვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილთან და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, დაავალა.

ოქრუაშვილს აინტერესებს, თუ საიდან ჩაუვარდა ხელში ჩვენება.

„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი, ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ, რადგან დვალმა ისურვა ამ თემაზე საუბარი, ჯერ კითხვა ისმის საიდან ჩაუვარდა დვალს ჩემი დაკითხვის ოქმი?! ესე იგი, პროკურატურამ მისცა მას დაკითხვის ასლი." - აღნიშნავს ოქრუაშვილი.

დღესვე, ოქრუაშვილი განცხადებას პარალამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და მსგავსი მოლაპარაკებები უარყო.

„მე არანაირი მოლაპარაკება ოქრუაშვილთან არ მქონია. ირაკლი ოქრუაშვილი თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის მისცეს ჩვენებები, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე პროკურატურას და სურს, ურთიერთობა ააწყოს "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან და მთხოვა, გადამეცა მე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისთვის. მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე, ბიძინა ივანიშვილს და მათგან მიღებული პასუხი გადავეცი ოქრუაშვილს და პასუხი იყო შემდეგი - დაელაპარაკოს პროკურატურას, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ეს იყო ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში, მას შემდეგ ოქრუაშვილი დადიოდა პროკურატურაში და აძლევდა ჩვენებებს, ოცნებასთან მისი ურთიერთობა განვითარდა თუ არ განვითარდა, ეს მე უკვე აღარ ვიცი,“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


იხ. ქვემოთ ვიდეოზე: ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელი ჟურნალისტებს არ უშვებს




ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული ოცნების“ ლიდერებთან გარიგების მცდელობის შესახებ არაფერი იცის გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილი მაშინ სწორედ „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატის შტაბის უფროსი იყო.

ცნობისთის, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილი არ დაარეგისტრირა გორის მერის კანდიდატად. მიზეზად კი დასახელა ის, რომ ოქრუაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა. ამის მერე, მან საკუთარი გუნდის წევრი, კახაბერ ერგემლიძე წარადგინა და თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოადგილის პოსტზე დაინიშნებოდა. ოქრუაშვილმა არჩევნები წააგო, მერის თანამდებობა კი, ზურაბ ჯირკველიშვილმა ჩაიბარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები