გორში დაშავებული მუშის გამო ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვა გადაიდო
გორის მერიის მოთხოვნით, სამოდელო კვირეულის დასკვნითი ღონისძიების გამართვა გადაიდო. ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლის დაშავების გამო, მერის მოადგილემ ღონისძიების ორგანიზატორებს სცენის მოშლა სთხოვა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება დასკვნითი საღამო. სამოდელო კვირეული იმართება აქციის ,,არა ოკუპაციის" პროგრამის ფარგლებში.

50-წლამდე ასაკის მამაკაცი ,,ზილის" მარკის ავტომანქანიდან იმ დროს გადავარდა, როდესაც საბარგულით ღონისძიების აღმნიშვნელი ბანერი გადაჰქონდა.

მანქანა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მოძრაობდა. დაშავებული მამაკაცი გორმედის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები