თავდაცვის აკადემიაში საზაფხულო სკოლის მეორე ნაკადი მიიღეს
22 აგვისტოს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საზაფხულო სკოლა „ჩემი სამყარო“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლაში სოფელ ზოტის, დაბა ნასაკირალისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 30-მდე მოსწავლე 28 აგვისტომდე დარჩებიან.

,,ამ ბანაკში უკვე მეორე ნაკადზე ვარ ლიდერად. პირველი ნაკადში, ასპინძაში, ვიყავით, იმდენად დატვირთული იყო სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებით, რომ სურვილი გამიჩნდა კიდევ ვყოფილიყავი. წინა ნაკადის ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. ველოდებით რომ ესეც წარმატებით გაგრძელდეს და დასრულდეს’’ - ამბობს საზაფხულო სკოლის მონაწილე - მარია ბეჟაშვილი.

ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა მომხსნებლებთან ერთად იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ჩრდილოეთ კავკასია, კინოს ისტორია და მრავალი სხვა. მოსწავლეები ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო აქტივობაში.

,,ჩვენთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა. ბავშვებს მაქსიმალურად ვცდილობთ შევასწავლოთ, როგორ ცხოვრობს იუნკერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ასევე, ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე. მაქსიმალურად ვცდილობთ ქვეყნისა და ერის პატივისცემა ავუმაღლოთ. ბოლოს, როცა მიდიან ხოლმე ჩვენგან ძალიან დიდი პატივისცემა რჩებათ თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ’’ - განაცხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მთავარმა სერჟანტმა - მანუჩარ დავითურმა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითიც და ახალგაზრდებს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებზე ესაუბრა.

,,ფრიად მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს კავშირები ბრიტანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ბრიტანეთის ელჩს, მსურს ეს კავშირები კიდევ უფრო გავაფართოვო’’ - განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

პროექტი ხორციელდება „„ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“ ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები