ორბელიანთა სასახლის ეზოში კასპის მერი გუბერნატორის მიერ მოწყობილ კონცერტზე არ მივიდა
ფოტოზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) - ამირან ქრისტესიაშვილი (გუბერნატორის მოადგილე); ნუგზარ სამხარაძე (გუბერნატორის მოადგილე); ირაკლი მეზურნიშვილი (პარლამენტარი); გიორგი ხოჯევანიშვილი (გუბერნატორი); მეუფე დამიანე (სამთავისი-კასპის ეპარქიის წინამღვარი); დავით რაზმაძე (გორის საკრებულოს თავმჯდომარე)

ორბელიანთა სასახლის ეზოში ჩასულ დელეგაციას კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი არ დახვდა. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ამის მიზეზი არ იციან.

მიზეზი არც პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილის პრესსამსახურმა იცის. სოფელ ლამისყანაში გრანდიოზულ ღონისძიებაზე მანუჩარ მერებაშვილი მათ არ მოუკითხავთ.

,,მიზეზი მერიაში იკითხეთ" - გვიპასუხეს გუბერნატორისა და პარლამენტარის პრეს-სამსახურმა. კასპის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გარკვეული მიზეზის გამო, მერმა ლამისყანაშვილი მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა ადგილზე მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი იმყოფებოდა. ,,დარგის კურატორი ვინც არის, ის ესწრებოდა ღონისძიებას" - გვითხრეს მერიაში.

დაპირისპირება, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის, ორბელიანების სასახლის ეზოში აშკარა გახდა. შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა მხოლოდ პარლამენტარი ირაკლი მეზურნიშვილი ნახა.

2 ოქტომბერს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და "პროექტი იქს"-ის (Project X Georgia) ინიციატივით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართა.

,,მსმენელს საშუალება ჰქონდა ანსამბლის ოცამდე სიმღერა მოესმინა. „ქართულმა ხმებმა" კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნის საპატივსაცემოდ მისი ერთ-ერთი სიმღერა - ,,ჰერიო ბიჭებო" შეასრულა. შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში ქართველი შემსრულებლები ჰონორარის გარეშე ხშირად მართავენ კონცერტებს" - აღნიშნავენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები