ქარელში რუსი ,,ჰაკერი" ცხოვრობდა, რომელიც გაიტაცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან რუსი ჰაკერი გაიტაცეს. ფაქტი 2017 წელს მოხდა. თაღლითობისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე, ორი წლის შემდეგ, 5 პირი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებული, ეთნიკური აზერბაიჯანელი ქარელიდანაა. მას ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი იცავს.

ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და საქმიდან მისი ჩამოცილება სურთ. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადვოკატი 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბეულ მოქალაქეების ინტერესებს იცავს:

,,ჩემს მიმართ პროკურატურას გარკვეული კითხვები აქვს, სავარაუდოდ, ეს ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის კონფიდენციალური ურთიერთობიდან მიღებულ გარკვეულ საკითხებს უკავშირდება" - აცხადებს ქამრალ ამჯანოღლი.

მისი თქმით, ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობას იცავს კანონი, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია. ქამრან ამჯანოღლი პროკურატურაში არ გამოცხადდა. ამის სანაცვლოდ, ის გორის სასამართლოში, 11 ოქტომბერს, დილის 11 საათზე მაგისტრანტ მოსამართლესთან დაიკითხება:

რა მოხდა ქარელში

2017 წელს ქარელში ცხოვრობდა რუსეთის მოქალაქე, ჰაკერი, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთიდან გატაცებული ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა და იძებნებოდა. ის საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, ქარელი-გორის მონაკვეთზე მასთან მივიდნენ პიროვნებები და თავი გააცნეს, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებად. qartli.ge-ს ინფორმაციით, რუს ,,ჰაკერს" თავი გააცნეს პოლიციის თანამშრომლებმად და პროკურორებად.

რუსეთის მოქალაქე დააკავეს და გაიტაცეს. გამტაცებლები ფულს ითხოვდნენ. 2019 წლის სექტემბერში პროკურატურამ 5 პირი დააკავა. ერთ-ერთ ბრალდებულს, სწორედ, ქამრან ამჯანოღლი იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოთი გაათავისუფლეს. დანარჩენებს პატიმრობა შეუფარდეს.

ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ ჯერჯერობით, სასამართლოში არსებითი სხდომები არ ჩატარებულა, შესაბამისად, გამოძიებაში არსებული ბევრი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ საქმეში ფიგურირებენ მოქმედი პოლიციელები, მათ შორის, სავარაუდოდ მაღალჩინოსნები. ეს არის საკმაოდ რეზონანსული საქმე, რომლიდანაც ჩემი ჩამოცილება უნდათ" - გვითხრა ქამრან ამჯანოღლიმ.

ქამრან ამჯანოღლის დასაცავად ადვოკატთა კორპუსი გორის სასამართლოში მისვლას აპირებს:

,,ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ახალი რედაქციით დაცვის უფლება გარანტირებულია, ასევე მინდა სახელმწიფო ორგანოებს მოვუწოდო, რომ სათანადოდ გააცნობიერონ გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, კერძოდ: სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე. ბ) შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. გ) თავიანთი პროფესიული მოვალეობის, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით." - აღნიშნავს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები