უფლისციხეში რეგიონის ბიზნესფორუმი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, უფლისციხეში, ისტორიულ ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე შიდა ქართლის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა.

სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროების, სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლები და ფერმერები ესწრებიან.

რეგიონში არსებული აგროწარმოების პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, ფორუმზე სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტები მეხილეობის და მრავალწლოვანი ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობების განვითარების, მეფრინველეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის შესახებ პრეზენტაციებს წარმოადგენენ.

ფორუმის ფარგლებში, ასევე გაიმართება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენაც.



Print

სტატიის გამოყენების პირობები