ატოცთან ბორდერიზაციის პროცესი განახლდა - ცხინვალი ქართველ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს
დღეს დილიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩდნენ და ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ამის საპასუხოდ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვართან ქართველი სპეცსამსახურების - 4-5 კაციანი ჯგუფი გამოჩნდა.

ოსური მედიის ცნობით, ქართველმა ძალოვნებმა დაარღვიეს ე.წ. საზღვარი, რომლის სიგნალი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს და, როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, ე.წ. პოლიციელებს უკან დაახევინეს.

ცხინვალის მედიის ცნობით, ეს დილის ოთხ საათზე მოხდა. გათენებისას კი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ატოცის მიმართულებით გამოჩდნენ და ბოძებზე ბადეების გაბმა დაიწყეს.

„ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები