გახარია: ,,ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის ემუქრება"
„მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არის მიმართული“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, ფერმერებთან შეხვედრის დროს, განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები ახალი არ არის:

,,საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს არ არის ახალი. ჩვენ მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული; ეს არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ და ის არავის ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვახდენთ დეკლარირებას" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატოში ისეთი ქვეყნების ჩათრევის მცდელობა, რომელსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, სახიფათოა:

,,რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. როდესაც ნატო ცდილობს შიდაკონფლიქტური ქვეყნების ასიმილაციას, ეს არა მხოლოდ ალიანსის წესდებას ეწინააღმდეგება, არამედ სერიოზულ შედეგებს გამოიწვევ. არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით" - აღნიშნა მედვედევმა რუსეთის ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები