ატოცში საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებს გადაღების უფლება მისცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში ჟურნალისტებს შესვლის უფლება მისცეს. საოკუპაციო ხაზთან მედიის წარმომადგენლებს ახალი ბადეები დახვდათ, რომელიც 11 თვის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე გუშინ რუსმა სამხედროებმა გააბეს.

რამდენიმე ჟურნალისტმა ბოძებისკენ ახლოს მისვლა სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. პარალელურად, საოკუპაციო ხაზთის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

გუშინ, დილიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩდნენ და ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ამის საპასუხოდ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ მანამდე დილით ე.წ. საზღვართან ქართველი სპეცსამსახურების - 4-5 კაციანი ჯგუფი გამოჩნდა.

ოსური მედიის ცნობით, ქართველმა ძალოვნებმა დაარღვიეს ე.წ. საზღვარი, რომლის სიგნალი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს და, როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, პოლიციელებს უკან დაახევინეს.

ცხინვალის მედიის ცნობით, ფაქტი დილის ოთხ საათზე მოხდა. გათენებისას კი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ატოცის მიმართულებით გამოჩდნენ და ბოძებზე ბადეების გაბმა დაიწყეს.

„ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები