საქაშეთში მცხოვრები მოსწავლეები ვარიანის სკოლამდე ფეხით დადიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მეზობელი სოფლებიდან დადიან, ავტობუსის მარშრუტი გააუქმეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მშობლებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 30 ბავშვია.

,,ეს ბავშვები ახლა ფეხით დადიან ვარიანის სკოლაში. თავიდანვე იქ სწავლობდნენ და უნდათ, რომ აღნიშნულ სკოლაში იარონ. იქნებ გაგვარკვიოთ სიტუაციაში და დაინტერესდეთ თემით" - გვითხრეს მშობლებმა.

როგორც qartli.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცეტრში განუმარტეს, ვარიანის სკოლის ადმინისტრაციას, შესყიდვების სააგენტომ ტრანსპორტის დაქირავების უფლება არ მისცა:

,,ვარიანის სკოლა თვითონ ყიდულობდა ტრანსპორტის მომსახურებას, რადგან სახელმწიფოსგან დადგენილი კრიტერიუმებით არ ეხება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ მომსახურების შესყიდვაზე სკოლას აღარ მისცა თანხმობა, რადგან საცხოვრებელ სახლთან უფრო ახლოს არის საქაშეთის საჯარო სკოლა. მოსწავლეებს კი უნდათ ვარიანის სკოლაში სიარული. მოსწავლეებს სკოლის არჩევის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომელ სკოლაში სიარულიც მოუნდება, იმ სკოლამდე მოემსახუროს ტრანსპორტით." - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის შესყიდვის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს. ჩვენ საკითხის გარკვევის მიზნით გორის მერიას დავუკავშირდით და შეგვპირდნენ, რომ სიტუაციას შეისწავლიან და გადაწყვეტილებას გვაცნობებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები