ახალგორიდან მხოლოდ საქართველოს პასპორტის მქონე პენსიონერები გამოუშვეს" - ნუგზარ თინიკაშვილი
ახალგორის რაიონიდან დღეს დილით იმ პენსიონერებს მისცეს წეროვანში წასვლის უფლება, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს პასპორტი აქვს. ამის შესახებ ახალგორის ლეგიტიმური გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ასეთი ადამიანების რაოდენობა 26-ია. საერთო ჯამში, მისივე ინფორმაციით, ე.წ. საშვის აღება 60-ზე მეტ პენსიონერს სურდა:

,,მათ 10 დღის ვადა მისცეს იმისათვის, რომ გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მოინახულონ ოჯახის წევრები, აიღონ პენსია, იყიდონ პროდუქტი და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ახალგორში. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენ ადამიანს მისცემენ ამის უფლებას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ისინი ადგილობრივი უშიშროების ნებართვის გარეშე ვერ გადმოდიან წეროვანში" - განუმარტა ჟურნალისტებს თინიკაშვილმა.

ახალგორის რაიონი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში შედის და მას რუსეთის სამხედროები აკონტროლობენ. ნუგზარ თინიკაშვილის განმარტებით, 5 თვის განმავლობაში, საქართველოს პასპორტის მქონე პენსიონერებს ახალგორში საკუთარი შემოსავალი არ ქონიათ.

5 თვის შემდეგ, პირველი მიკროავტობუსი ახალგორიდან დღეს დილით დაახლოებით 12 საათზე გამოვიდა. მას ნუგზარ თინიკაშვილიც დახვდა. მიკროავტობუსმა ე.წ. რაზდახანის საგუშაგო (სოფელი მოსაბრუნი) გამოიარა.

გამყოფ ხაზთან, ახალგორის რაიონის სოფელ რაზდახანთან ერთადერთი საგუშაგოა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით, ეთნიკურ ქართველებს თბილისთან მიმოსვლის საშუალება აქვთ. ეს საგუშაგო, 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ჩაიკეტა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საგუშაგოს დაკეტვა უკავშირდება ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის მოწყობას. ცხინვალში აცხადებენ, რომ ბლოკპოსტი ოსურ სოფელ წნელისთან (უისტა) უკანონოდ ააშენეს, რადგან ეს ტერიტორია ზნაურის რაიონს ეკუთვნის.

თბილისის ჩორჩანა-წნელისს შორის მოწყობილ ბლოკპოსტის აღებას არ აპირებს. სანაცვლოდ, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, რუსი სამხედროების დახმრებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის მიმართულებით მდებარე მთის მწვერვალი დაიკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები