ვიდეორეპორტაჟი
რეპორტაჟი - ოსური დასახლება სოფელი ვაკე


გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელი ვაკე ქვემო ჭალის ტერიტორიულ თემში შედის. აქ, ძირითადად, კუდუხაშვილები, ხუბაშვილები, მელაძეები და ფოლადაშვილები ცხოვრობენ. კომუნისტების დროს, შედარებით ვაკიან ტერიორიაზე, იმ ადგილიდან ჩამოასახლეს, რომელიც შემდგომ მინდვრებად და სახნავ-სათესად გამოიყენეს.
,,ჩვენი სოფლის თავზე კარგი ადგილი ყოფილა. კოლმეურნეობის დროს ჩათვალეს, რომ დასამუშავებლად გამოიყენებდნენ. შედარებით დაბლა ჩამოგვიყვანეს საცხოვრებლად და ალბათ ამიტომ დაარქვეს ამ სოფელს ვაკე" - გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი ეთერ ფოლადაშვილი.


სოფელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებული ოსური დასახლება - გორაკა ესაზღვრება. მთა-გორიანი ადგილის გამო შიდა გზები დაზიანებულია. წვიმის დროს ნიაღვარი ორმოებს ტოვებს. ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

,,ყოველ წელს გვპირდებიან, დავაყრით ხრეშს, მაგრამ არაფერი კეთდება" - ამბობს ეთერ ფოლადაშვილი. ციცო მელაძე კი აცხადებს, რომ ხრეშის დაყრა არ შველის. ,,დაღმართია და რაც ხრეშია, წყალს მიაქვს" - აღნიშნავს ციცო მელაძე.

სარწყავი წყალი სოფელს არა აქვს. დავით კუდუხაშვილს სიმინდის ფუჩეჩი ვენახიდან მოჰქონდა. გვითხრა, რომ სიმინდი თავისით მოვიდა: - ,,წვიმის წყალზე ვართ დამოკიდებული" - ამბობს დავით კუდუხაშვილი. კომუნისტების პერიოდში სარწყავი წყალი მილებით იქაჩებოდა.

სასმელი წყალი სოფელს არ ჰყოფნის. სისტემა ისეა გამართული, რომ რეზერვუარს გაფართოება სჭირდება.

,,წყაროს წყალი გუბდება. ის შემდეგ მილით შემოჰყავთ სოფელში და ყველა სახლის მიმართულებით დაქსელილია. ამ მილებსაც გამოცვლა უნდა და რეზერვუარსაც შეკეთება უნდა" - ამბობს ნინო კუდუხაშვილი.

სოფელ ვაკის ჩრდილოეთით სოფელი პანტიანია, სადაც ამჟამად ორი ოჯახი ცხოვრობს. პანტიანიც ქვემო ჭალის თემს ეკუთვნის. პანტიანის ზემოთ სხვილოს ციხეა, იმის შემდეგ ტერიტორიას კი ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს. ტყე ძირითადად დე-ფაქტო ოსეთის ტერიტორიაზე მოექცა.

,,დიდ მანქანებს უკრძალავენ მოძრაობას, გარემოს დამცველები. შეშა ვერ მოგვაქვს. მე კიდევ ვირი არა მყავს, ზურგით ხომ ვერ ჩამოვიტან?" - სწუხს დავით კუდუხაშვილი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები