ახალი ამბები
როგორ ებრძვიან კორონავირუსს გორის რესტორნებში
გორში, სარიტუალო დარბაზებში სადეზინფექციო სამუშაოები თითქმის ყველგან ჩატარდა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თითქმის ყველა მათგანში სამუშაოები ეპიდემოლოგიურ სამსახურის წარმომადგენლებს ჩაატარებინეს. 

,,ქორდა", ,,მზიური", ნაჭარმაგევი, ,,მუხამბაზი" - ეს ის ადგილებია, სადაც მოსალოდნელია მიცვალებულის მოსახსენიებელი სუფრების ან თუნდაც სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. 

- შაბათ-კვირას შეკვეთები არ გვაქვს ქელეხზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არის კორონავირუსი გავრცელებული, ჩვენ ყოველდღიურად ვასუფთავებთ და დეზინფექციას ვუტარებთ დარბაზს, სამუშაო ოთახებს და სამზარეულოს" - განაცხადა „ქორდის“ თანამშრომელმა.

- დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ დეზინფექცია უნდა ჩაგვეტარებინა მთელ ტერიტორიაზე და ჩავატარეთ, სხვა რეკომენდაცია არ მიგვიღია ამ დროისთვის, გაუქმებული არაფერია ჩვენთან, რაც იყო დაჯავშნილი არის ისევ, თუმცა ქორწილი ამ თვეში არ არის, ვინაიდან არის მარხვა." - გვითხრეს რესტორან „ნაჭარმაგევში“

- როდესაც ასე მაშტაბურათ დაიწყო გავრცელება ამ ვირუსმა, ჩვენ გამოვიძახეთ შესაბამისი კომპანია, რომელმაც სრულიად მთელ ტერიტორიაზე ჩაატარა სადენზიფექციო სამუშაოები, ამ შაბათ-კვირას და უახლოეს 2 კვირის განმავლობაში არ გვაქვს ჯავშნები." - გვიამბო რესტორანი „მზიურის“ მენეჯერმა.

- მოგეხსენებათ ჩვენ და რესტორანი „ნაჭარმაგევი“ ერთი ფირმა ვართ, ამიტომ ერთად მოვიწვიეთ შესაბამისი კომპანია თბილისიდან და ჩავატარებინეთ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციები არაფერი მიგვიღია, გვაქვს ჯავშნები და ვმუშაობთ ჩეულებრივად. რომ შემოვიდეს 200 კაციანი ქელეხი, უარს ხო ვერ ვეტყვი? რა თქმა უნდა გავაკეთებთ." - გვითხრა საბანკეტო დარბაზი „მუხამბაზის“ ხელმძღვანელმა.

- ჯერჯერობით არანაირი ჯავშანი ქელეხის არა გვაქვს, შენობაში განვახორციელეთ შესაბამისი ხსნარებით, სადენზიფექციო სამუშოები და ყველანაირად ვართ დაზღვეულები. რეკომენდაციები ოფიციალურად არ მოუწოდებიათ. ვიცი რასაც ტელევიზიით აცხადებენ და ვიცავთ ყველანაირ შეზღუდვას, ისიც ვიცით, რომ 100 კაცზე მეტის შეკრება, სარისკოა და დიდ ქელეხებს არ ავიღებთ, ხოლო გაჩერებაც რომ მოგვიწიოს, გავჩერდებით და დავკეტავთ დროებით." - გვითხრა სარიტუალო სახლის „დევნილების დარბაზის“ ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონა ვირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული და მიმდინარეობს შეზღუდვები თავშეყრის ადგილებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები