ახალი ამბები
შიდა ქართლში 51 პირი კარანტინში, ხოლო 22 თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება
13 მარტის მდგომარეობით, შიდა ქართლში, 22 ადამიანი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფება, ხოლო 51 ადამიანი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

ამის შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, თვითიზოლირებულ 22 პირიდან გორსა და გორის რაიონში 15 ადამიანი იმყოფება. ქარელში - 2, ხოლო ხაშურში - 5.

„ მინდა გითხრათ რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაავადებათა კონტროლის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს. ამაში გვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროც. იმ შემთხვევაში, თუ რისკის ქვეშ მყოფი პირი უარს განაცხადებს თვითიზოლაციაზე, ჩვენი სამსახური პოლიციის ძალით გადაიყვანს საკარანტინო სივრცეში.“- აცხადებს ეკა ქორჩაშვილი.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯამში 51 ადამიანი გადის საინკუბაციო პერიოდს, აქედან 12 სამხედრო პირია. დაარსებიდან დღემდე, (2 მარტიდან 13 მარტამდე) საკარანტინო სივრცით სულ 59-მა პაციენტმა ისარგებლა. აქედან 8 პაციენტი გაწერილია.

59 პაციენტიდან საეჭვოდ მიიჩნიეს 20 პაციენტის მდგომარეობა, თუმცა მათ ტესტებზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

„დღეს უკვე 6 ადამიანის ნიმუშია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით შედეგებს“ - ამბობს ეკა ქორჩაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები