ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი კარანტინში იმყოფება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 5 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, მარინა კოჩიევის განცხადებით, ისინი ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.

”ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ საქართველოში. გაირკვა, რომ ერთ ქალს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები შინ დაბრუნების შემდეგ 14 დღის განმავლობაში. მოხდა მისი იზოლირება, ქალის ოჯახი ასევე იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევ ერთი საეჭვო შემთხვევა, ეს მოქალაქე ასევე იმყოფება ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში 14 დღის განმავლობაში, ”- თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, პერევსა და ოძისთან, გამშვები პუნქტები ჩაკეტილია. ერთადერთი საგუშაგო იყო, რომელიც ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა, იყო პერევის საგუშაგო.

ოსური მედიის ცნობით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.“სინაგური, ზემო და ქვემო ქარძნანი, ამ სოფლების მცხოვრებლები გადმოდიოდნენ და ყიდულობდნენ წამლებს და საკვებს. ეხლა გაუჭირდებათ. ამბობენ, რომ კორონას გამო ჩაკეტესო და არ ვიცით, როდის გაიხსნება”,-ამბობს პერევის მცხოვრები ტრისტან გულიტაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სათანადო დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ 14 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დიაგნოსტირების საშუალება ცხინვალის რეგიონში არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.

„მეც ვარ ჩართული ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია, რომ იყოს ვირუსის შესაძლო შემთხვევა სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის. ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა, მერე გადმოყვანა ავადმყოფის და მკურნალობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ მზად ვართ, მივეხმაროთ მათ, პირველ რიგში იდენტიფიცირებაში შესაძლო შემთხვევისა და მათ შემდგომ მართვაში. ასევე, რა თქმა უნდა, თუ თანახმა იქნებიან, ჩვენ მზად ვართ, როგორც სხვა საკითხებშიც დავეხმაროთ. მოგეხსენებათ, ვეხმარებით ანტიტუბერკულოზური ვაქცინების მიწოდებით, შიდსის საწინააღმდეგო წამლებით, ტრენინგები უტარდებათ შიდსი როგორ მართონ, ტუბერკულოზი როგორ მართონ, ჰეპატიტზე გვქონდა ასეთი ურთიერთობები და აქაც სრულად მზადყოფნა იმის, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯერ კიდევ, 11 მარტს, ოსური მედია წერდა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო 17 მოქალაქეს აკვირდებოდა. 17 მოქალაქიდან 11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში.

11 მოქალაქე ახალგორში ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე შევიდა. ერთ-ერთი ადამიანი პირდაპირ მოსაბრუნის (ახალგორი) საგუშაგოდან წაიყვანეს საავადმყოფოში.

რაც შეეხება დანარჩენ 6 მოქალაქე, მათგან: ორი ადამიანი დედა-შვილია, რომლებიც ცხინვალში, წითელი ჯვრის მეშვეობით, შეუშვეს. კიდევ ორი მათგანი არაბეთიდან დაბრუნდა. ხოლო დანარჩენი ორი მოქალაქე - ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით, საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ ცხინვალში ჩავიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები