ახალი ამბები
ახალი ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ
კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი საპრევენციო ღონისძიებების გატარება დაიწყო. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ:

1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;

3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;

5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;

საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და საჭიროების შემთხვევაში კლინიკების მზადყოფნის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 33 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - 54 პირი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები