ახალი ამბები
ცხინვალი ინდივიდუალური დაცვის სამედიცინო საშუალებების ნაკლელობას განიცდის
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრები საიმედოდაა ჩაკეტილი და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია. ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, ასევე, მოქალაქეების მხრიდან მეტი ყურადღება, რადგან მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მარინა კოჩიევიც იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია, თუმცა არასაკმარისი.

,,სამედიცინო დაწესებულებებში არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე, მედიკამენტები, თუმცა ეს საკმარისი იქნება პირველ ეტაპზე" - აღნიშნა კოჩიევამ.

მისი განცხადების შემდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ერიკ ფუხაევს შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა. შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ რამდენიმე ოსი ექიმი სტავროპოლის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ტრენინგებს გადიან და იქიდან რუს სპეციალისტებთან ერთად ჩავლენ.

2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ.  დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი,
ესტონეთი, იაპონია.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიას, აქ კორონავირუსით დაინფიცირებულია 30 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები