ახალი ამბები
კარანტინის შიშით ერთი მგზავრი მიკროავტობუსიდან გაიქცა - დანარჩენებს თვითიზოლაცია ურჩიეს
პოლიცია იმ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში მგზავრობდა და გორთან ჩამოვიდა.

სხვა მგზავრებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის თვითიზოლაციის წესებს არღვევდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საზღვარგარეთიდან 4 დღის წინ, დაბრუნდა და მიკროავტობუსით თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ მგზავრებმა ეს ისტორია სატელეფონო საუბრის დროს, მოისმინეს:

,,ეს მამაკაცი მიკროავტობუსში ტელეფონით საუბრობდა და მოისმინეს, რომ ის 4 დღის წინ პოლონეთიდან ჩამოსულა და მიდიოდა ზუგდიდში. მგზავრებმა იფიქრეს, რომ ის თვითიზოლაციის წესებს არღვევდა, ამიტომ, დაურეკეს პოლიციას. მგზავრი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და წასულა. ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია. ჩემი რეკომენდაციით, ყველა მგზავრი თვითიზოლაციის რეჟიმში დარჩება" - გვითხრა მარი გიუნაშვილმა.

qartli.ge-ს პოლონეთიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აცნობა, რომ ამ ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 4 დღის წინ არც თვითიზოლაცია და არც კარანტინი არ იყო სავალდებულო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ფაქტის შესახებ, მოკვლევა მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები