ახალი ამბები
ცხინვალში 1 მოქალაქე ოჯახის წევრებთან ერთად საავადმყოფოდან გაიქცა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 18 ადამიანი იმყოფება, აქედან 2 მათგანი ახალგორის რაიონში, ხოლო დანარჩენი 16 - ცხინვალში.

ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ცხინვალის საავადმყოფოდან ერთმა ქალმა, თავისი ოჯახის წევრებითურთ, საავადმყოფო თვითნებურად დატოვა, თუმცა მათი უკან დაბრუნება მილიციის საშუალებით, მოახერხეს:

”ქალი ბოქსირებულ განყოფილებაში მოვათავსეთ, ხოლო ოჯახის წევრები პალატაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა თვითნებურად დატოვეს საკარანტინო ზონა. მათ დასაბრუნებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დავიხმარეთ. ამ ქალს ტესტი ჩავუტარეთ, თუმცა კორონავირუსი არ დადასტურდა, ”- განაცხადა კოჩიევამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს:

”ცხინვალში 16 ადამიანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, ხოლო ექვსს, ვისაც კლინიკური ნიშნები აქვს, საავადმყოფოში იმყოფება. მათ ყოველდღიურად აკვირდებიან, მათი მდგომარეობა კარგია, მაგრამ 14 დღე უნდა გავიდეს, სანამ ისინი კარანტინის ზონიდან განთავისუფლდებიან, ”- თქვა მან.

„ოკუპაციის გამო ცხადია ჩვენ ვერ გვექნება სრულფასოვანი და პირველადი ინფორმაცია, რომელიც რეალუად ასახავს სურათს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ჩვენი საუბედურო გამოწვევა წლების განმავლობაში. თუმცა ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ან არ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია“-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

,,სხვადასხვა არხებით არის კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მუშაობენ საქართველოში და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც გვქონდა მსჯელობა, როგორც მათთან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

სხვადასხვა არხების და მათ შორის ჩვენი პარტნიორების დახმარებითაც ვცდილობთ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზე გავატაროთ, თუმცა მზაობა იმაშიც გამოიხატება, რომ საჭიროების შემთხვევაში უკვე კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სერვისი მივაწოდოთ მათ." - აღნიშნა ციხელაშვილმა.

2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ. დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიას, აქ კორონავირუსით დაინფიცირებულია 30 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები