ახალი ამბები
რკინიგზას კორონავირუსის საფრთხის გამო გრაფიკი არ შეუცვლია
„ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზა სრულიად შეუფერხებლად მუშაობს, არანაირი რეისი არ გადადებულა და არც ჩაშლილა, ყველა მატარებელი შესაბამის რეისზე თავის დროებზე გავიდა სადგურიდან. ყველა სამგზავრო მატარებელს რეისის ბოლოს უტარდება დეზინფექცია“- გვითხრა საქართველოს რკინიგზის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ დეკანოიძემ.

რკინიგზის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაა, მოწმდებიან მემანქანეები.

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესს ადგილზე აკვირდება საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი. ნიკა კაჭარავას თქმით, საქართველოს რკინიგზა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დაგეგმილ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად ატარებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ მგზავრთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯერჯერობით რკინიგზაში ვერ გვეუბნებიან, თუ რა ზარალს გამოიწვევს მგზავრთა სიმცირე.

„ამჟამად არ ვიცით ეს მდგომარეობა დამაზიანებელი იქნება თუ არა საქართველოს რკინიგზისთვის და რაიმე ზარალი თუ ექნება, თუმცა დროთა განმალობაში გახება ეს ცნობილი“ - ამბობს თამარ დეკანოიძე.

საქართველოში დაწყებულია პრევენციული ზომებით, უკვე შეიზღუდა მიკროავტობუსების გადაადგილება და სხვადასხვა ობიექტების მუშაობა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა, 1000-ზე მეტი პირი ქვეყნის მასშტაბით კარანტინში იმყოფება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები