ახალი ამბები
19 მარტიდან ხაშურის ავტოსადგური შეზღუდული გრაფიკით მუშაობს
ხაშურში, 19 მარტიდან მიკროავტობუსების გადაადგილება შეიზღუდა. როგორც qartli.ge-ს ,,რალი-ავტოს’’ ხელმძღვანელმა უთხრა, კომპანია ხაშურის მოსახლეობას შიდა გადაადგილების მიკროავტობუსებით ვეღარ მოემსახურება.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო მოძრაობას, გარკვეული შეზღუდვები აქაც ამოქმედდა. „რალი-ავტოს“ ავტობუსები არ ჰყავს, ამიტომ ისინი მგზავრებს კვლავ მიკროავტობუსებით მოემსახურებიან.

ხაშურიდან გორის მიმართულებით მიკროავტობუსი დღეში მხოლოდ ერთხელ გავა.

,, აქამდე გორის მიმართულებით მიკროავტობუსი თითქმის ყოველ საათში გადიოდა. დღეიდან მხოლოდ ერთხელ ივლის. დილით გავა ალბათ ასე 12 საათამდე და საღამოს დაბრუნდება. საათები ჯერ გარკვეული არ გვაქვს. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. შეზღუდვებია ასევე, თბილისის მიმართულებითაც. დღის განმავლობაში 15 რეისი სრულდებოდა. დღეს კი, მხოლოდ 2 გავიდა. ემზადება მესამეც, თუმცა როდის გავა არ ვიცით. მოძრაობა შეიზღუდა ასევე, სურამის მიმართულებითაც. ხაშური-ბორჯომი კი, საერთოდ აღარ გავა’’ - გვითხრა ალექსანდრე ბლიაძემ.

დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების მიმართულებითაც.

,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ყველას ვერ მივცემთ მგზავრობის უფლებას. შევხედავთ და ვისაც ნამდვილად სჭირდება მხოლოდ იმათ მოვემსახურებით. მაგალითად, ვისაც მედიკამენტები სჭირდება ან ავადაა და ექიმთან მიდის. ვერ მოვემსახურებით ისეთ მგზავრებს, რომლებსაც ისე უბრალოდ უნდათ და სადღაც მიდიან. თუმცა ვნახოთ კიდევ რა რეკომენდაციებს მივიღებთ’’ - ამბობს „რალი-ავტოს“ ხელმძღვანელი.

ალექსანდრე ბლიაძის თქმით, მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები