ახალი ამბები
შიდა ქართლიდან თვითიზოლაციის რეჟიმში 97 ადამიანი იმყოფება
,,მათი რაოდენობა გაზარდა იმანაც, რომ გაიზარდა რისკჯგუფში შემავალი ქვეყნების ჩამონათალი. ზოგს ახლა გაახსენდა, რომ იმ პირთან იყო კონტაქტში, რომლებიც ევროპიდან ჩამოვიდნენ." - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი იმ ფაქტს, რომ თვითიზოლირებულთა რაოდენობა ბოლო ოთხ დღეში 16-დან 97-მდე გაიზარდა.

მისი განმარტებით, მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები მიყავთ სავალდებულო საკარანტინო ზონებში, რომლებიც რისკჟგუფში შემავალ ქვეყნებში იყვნენ.

,,აი სხვა ქვეყნები მაგალითად ისეთი, როგორიცაა პოლონეთი და ა.შ. იმათ ეძლევათ რეკომენდაცია იყვნენ სახლში. ასევე, კონკრეტულად და დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ რაოდენობის ზრდა გამოიწვია თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევებთან კონტაქტმაც" - განმარტავს ეკა ქორჩაშვილი.

19 მარტის მდგომარეობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ქვეყნის საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში 127 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოში კორონავირუსით 40 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინში - 1292 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 262 მოქალაქე სტაციონარში გადის მკურნალობას.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონაცემებს, ყოველდღე ვანახლებთ. მათი რიცხვი ამ დღეებში გაზრდილია. ეს ადამიანები ძირითადად რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები. ზოგიც კონტაქტში იმყოფებოდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან. რა თქმა, უნდა ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მათ კონტროლს. იმ შემთხვევაში თუ არ დაემორჩილებიან თვითიზოლაციის წესებს, პოლიციის ძალით გადაიყვანენ საკარანტინო ზონაში“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი ეკა ქორჩაშვილი.

რაც შეეხება შიდა ქართლის ქალაქებს, გორში და გორის რაიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 54 ადამიანი. ხაშურში -15, ქარელში - 10 და კასპში - 18.
Print

სტატიის გამოყენების პირობები