ახალი ამბები
გორის ერთ-ერთ დიდ სოფელში ქელეხის სუფრა ააშლევინეს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დიდ სოფელში, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის მიზნით, 92-წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საპატივსაცემოდ გაშლილი ქელეხის სუფრა გააუქმებინეს.

პოლიცია ირწმუნება, რომ ჭირისუფლები რეკომენდაციას გაგებით მოეკიდნენ. სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეკომენდაცია მაშინ მისცეს, როდესაც დაკრძალვაზე დაპატიჟებული მოქალაქეები სუფრასთან ჯერ არ ისხდნენ.

შემთხვევა სამშაბათს, 2020 წლის 17 მარტს მოხდა. აღნიშნულ სოფელში, 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

„როდესაც პოლიციამ შეიტყო ფაქტის შესახე,ბ მივიდა ადგილზე და მისცა რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, უმჯობესი იქნებოდა რიტუალი არ გამართულიყო“ - გვითხრა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

qartli.ge ასევე დაუკავშირდა მერის წარმომადგენელს:

„მე ადგილზე არ ვყოფილვარ, თუმცა სატელეფონო კონტაქტი მქონდა მიცვალებულის ოჯახთან. ავუხსენი არსებული მდგომარეობა და გავაცანი რეკომენდაციები. ისინიც გაგებით მოეკიდნენ არსებულ მდგომარეობას და დარბაზში რიტუალი აღარ ჩაატარეს. ეს მათი სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი იყო“ - ამბობს მერის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირებული ადამიანები გამოვლინდა, მთავრობამ ღონისძიებების გამკაცრება დაიწყო. ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო კვების ობიექტები დაიხურა ან/და გადავიდა მუშაობის სხვა რეჟიმზე. შესაბამისად შეზღუდვები დაუწესდა სარიტუალო დარბაზებსაც.

„ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამოქმედდა ახალი რეგულაციები, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვამოწმებთ კვების ობიექტებს, მათ შორის სარიტუალო დარბაზებს. გორში და გორის რაიონშიც შემოწმდა ყველა ობიექტი და თითოეულ მათგანს მიეცა რეკომენდაციები“- გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ ჩაჩანიძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უკვე შეამოწმეს 5000 ასეთი ობიექტი.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანი იმყოფება, 275 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 245 630 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86 ათასი, ხოლო გარდაიცვალთა რაოდენობა 10 000 აჭარბებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები