ახალი ამბები
ცხინვალმა უარი თქვა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებაზე
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იმ საერთაშორისო დახმარებაზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) დე-ფაქტო აფხაზეთმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხინვალი რეალურ დახმარებას რუსეთისგან ელის. ,,რესპუბლიკის" მთავარი სანიტრის, როგორც მას ოსური მედია უწოდებს, მარინა კოჩიევის განცხადებით, დახმარების შესახებ, მოსკოვში გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მალე მიიღებენ.

ეს განცხადება კოჩიევმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. ,,რესპუბლიკაში" 18 მარტს ორკვირიანი კარანტი ბავშვებისათვის გამოცხაადა. მათ, კორონავირუსის საფრთხი გამო, სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

დე-ფაქტო მთავრობის შს სამინისტროს წარმომადგენლები დადიან და ამოწმებენ სკვერებს, სადაც შესაძლოა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი იყოს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, 18 მარტიდან 1 მაისამდე, რუსეთის საზღვარი ჩაკეტილია. როკის გვირაბით გავლა, მხოლოდ, იმ მოქალაქეებს შეეძლება, ვისაც რუსეთის პასპორტი გააჩნია.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებებში დახმარებას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს:

სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანაბრად ეხება ყველა ის რეკომენდაცია, გაფრთხილება, მოწოდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რაც ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, ჩართულობის გარკვეულ მცდელობებს, დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულთა მკურნალობას მოიცავს.

„ზოგადად ვითარებას რაც შეეხება, ვითარების შესახებ ჩვენ ინფორმაცია რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ცხადია ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიებს და აქედან გამომდინარე სრულყოფილი ინფორმაცია შეიძლება არ გვაქვს და ბუნებრივია ის ბეკეტებიც არა, რომლებიც გვაქვს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ამ ეტაპზე ვითარება არ არის მძიმე, ჩვენი ინფორმაციით უშუალოდ ეპიდემიის თვალსაზრისით, მაგრამ არის ფაქტობრივად უკონტროლო, რაც რა თქმა უნდა ქმნის ძალიან მაღალ რისკებს." - აღნიშნა ციხელაშვილმა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. საზღვრები საიმედოდაა ჩაკეტილი და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ნაკლებია. ანატოლი ბიბილოვის თქმით, აუცილებელია, ასევე, მოქალაქეების მხრიდან მეტი ყურადღება, რადგან მსოფლიოში გავრცელებული ვირუსი ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება.

საკოორდინაციო საბჭოს 17 მარტის შეხვედრაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარინა კოჩიევიც იმყოფებოდა. მან განუცხადა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია, თუმცა არასაკმარისი.

,,სამედიცინო დაწესებულებებში არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე, მედიკამენტები, თუმცა ეს საკმარისი იქნება პირველ ეტაპზე" - აღნიშნა კოჩიევამ. შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ რამდენიმე ოსი ექიმი სტავროპოლის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, ტრენინგებს გადიან და იქიდან რუს სპეციალისტებთან ერთად ჩავლენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები