ახალი ამბები
კასპის რამდენიმე სოფელში გამოიკვლიეს ის ადამიანები, ვინც გასულ კვირას მარნეულში იყო
დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში იმ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ, რომლებიც გასულ დღეებში მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

საუბარია შაბათ-კვირის დღეებზე, როდესაც საქონლის ბაზრობაზე ქვემო ქართლს სტუმრობდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტატანაშვილმა გვითხრა, რომ ამ სოფლების მოსახლეობის ნაწილი სტუმრად იყო წასული მარნეულში და, ასევე, სახლში სტუმრად ყავდათ მიწვეული მარნეულელები. შესაბამისად, აუცილებელი გახდა მათი შემოწმება.

ასევე, არ დგინდება ის ფაქტი, რომ რომელიმე მათგანი ესწრებოდა იმ ქელეხს, სადაც ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა.

,,მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ჩართული იყო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაც, შესაბამისი ზომების დაცვით, მოსახლეობაში ჩავატარეთ მოკვლევა. გამოიკითხნენ ის პირები, ვინც მარნეულში იყო. თავდაპირველად, ცდილობდნენ ფაქტი დაემალათ, მაგრამ შემდეგ უკვე თავად გვიკავშირდებოდნენ და გვეხმარებოდნენ ფაქტის დადგენაში. ითხოვეს განმარტებებიც კორონავირუსთან დაკავშირებით." - გვითხრა თამაზ ტატანაშვილმა.

აღნიშნული სოფლები ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია. ,,პროფილაქტიკის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებიც არ იყვნენ მარნეულში, მაგრამ შემხებლობა ჰქონდათ მარნეულში სტუმრად წასულ პირებთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ესენი არ ყოფილან იმ ქელეხში. არამედ იყვნენ მარნეულში მხოლოდ" - აცხადებს თამაზ ტატანაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდა. კორონავირუსით დაინფიცირებული ქალბატონის დაავადების წყაროს ეპიდემიოლოგები კვლავაც ეძებენ.

„დღეიდან, იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების." - განაცხადა მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ.

23 მარტის მდგომარეობით, დადასტურებული შემთხვევამ 61-ს მიაღწია. მათ შორის 8 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 3322 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობას კი, - 237 გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები