ახალი ამბები
გორის რკინიგზის სადგურში მგზავრებს ბილეთების თანხას უკან უბრუნებენ
გორის რკინიგზის სადგურში იმ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები წინასწარ დაჯავშნილი ჰქონდათ, თანხას უკან უბრუნებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს რკინიგზის სადგურში განუცხადეს.

მუშაობას აგრძელებენ მოლარეები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, უკანდასაბრუნებელი ბილეთების საკითხებს აგვარებენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 24 მარტის 00:00 საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების და ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე, ასევე სატვირთო შემადგენლობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, 23 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოში დღემდე კორონავირუსი 66 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 9 გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 230-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 23 მარტს კი ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ რეგიონში მცხოვრებ ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსის დადგენამდე კი მას ათეულობით ადამიანთან ჰქონდა შეხება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები