ახალი ამბები
,,გორს სპეციალური სადეზინფექციო ტექნიკა ჯერ არ ჭირდება" - აცხადებენ სააგენტოში
გორის ქუჩებს დეზინფექცია, სპეციალური მანქანების ნაცვლად, ხელის აპარატებით ჩაუტარეს. სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი დავით დადიანი ამბობს, რომ სპეციალისტების შეფასებით, ტექნიკის გამოყენება არაა საჭირო:

,,სპეციალისტებმა იმსჯელეს ამ საკითხზე. დღეის მდგომარეობით, ქუჩებისა და ფასადების დეზინფექციის საჭიროება შიდა ქართლში, ამ ეტაპზე არ დგას. მაგრამ თუ იქნება ამის საჭიროება, სადეზინფექციო ტექნიკა ჩვენს რეგიონში" შევა." - განაცხადა დავით დადიანმა.

24 მარტს თბილისში 60-მდე მანქანის სადემონსტრაციო ჩვენება მოეწყო. დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოებში ჩაერთო 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. პირველი დამუშავება მოხდება მთელ ქალაქში, შემდგომ კი ხელის აპარატებით, რეგულარულად ჩატარდება სამუშაოები. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკით დეზინფექცია განმეორდება.

სამინისტროში მობილიზებული 60 ერთეული ტექნიკა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადეზინფექციო სამუშაოებს უწყებები კოორდინირებულად განახორციელებენ. მობილიზებულები არიან და სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებსაც მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირების უკვე 70-ე შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ორი კი, საკუთარ სამშობლოში გაამგზავრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები