ახალი ამბები
ნაზი წიქარიშვილი იტალიაში, რომელმაც მოხუცი არ მიატოვა
აზი წიქარიშვილი იტალიაში 6 თვის წინ წავიდა. მუშაობა დაიწყო ასაკოვანი ადამიანის მომვლელად. წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა. შვილი მარტომ გაზარდა. ფინანსურად რომ უფრო მყარად ყოფილიყო, იტალიაში წასვლა გადაწყვიტა.

დღეს აპენინის ნახევარკუნზულზე მცხოვრები ადამიანები კორონავირუსისგან მძიმე შედეგებს განიცდის. 25 მარტის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 74 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 9 362 ადამიანი. გარდაცვლილია - 7 503 ადამიანი.

ამ პირობებში ნაზი წიქარიშვილმა არ მიატოვა ის ოჯახი, ვინც იტალიაში ჩასვლისას თბილად მიიღო.

გთავაზობთ, მის წერილს:

,,აპენინის ნახევარკუნძლის, უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ულამაზეს ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში ვცხოვრობ.

ემიგრანტი ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ისე მიმიღეს თითქოს მათიანი ვიყავი. საოცარი ხალხია, ხალისით სავსე, პოზიტიური, ენერგიული. საოცარი ენერგეტიკა მოდის მათგან. არავისგნ არ მიგრძვნია ისეთი თანადგომა, როგორიც იტალიელებისგან ვიგრძენი.

აქ, დილით ადრე იწყებენ მუშაობას. პირველი- ორი საათიდან, ხუთ საათამდე ისვენებენ . საღამოს მთელი ქალაქი გარეთ გამოდის. ქუჩები სავსეა ადამიანებით. პიცერიები, კაფეები სავსეა ხალხით. სიცოცხლით სავსეა იტალიის ქუჩები.

ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო.

ახლა ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ თითქოს შევეჩვიე ამ სიტუაციას. უფრო მეტად თქვენზე ვნერვიულობ, ჩემს ახლობლებსა და ოჯახზე. უკიდურესად მძიმეა იტალიის მდგომარეობა, მაგრამ ხალხი ცდილობს პანიკაში არ ჩავარდეს და პოზიტიური ხასიათით გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.

ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში. ვისაც 24-საათიანი სამსახური არ ჰქონდა და მხოლოდ დღე მუშაობდა. ან უსამსახუროდ იყვნენ დასაქმების ოფისებში. რა თქმა უნდა ესენი ვერ დარჩებოდნენ, დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ შეეშინდათ და ფინანსურადაც გაუჭირდათ.

ვინც ოჯახებში ვმუშაობდით, დავრჩით, არ წამოვედით.

მე წამოსვლაზე არ მიფიქრია არც ერთი წუთით. ყველა ქართველს, ვისაც მე ვიცნობ აქ, ეს აზრი გვქონდა, იმიტომ, რომ თუ წამოვიდოდით, შეიძლებოდა საკუთარი თავისთვისაც და ოჯახისთვისაც უფრო მეტი საფრთხე შეგვექმნა. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება. თუ კი ვინმეს ვიცნობ, ყველა კარგი ადამიანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიელებს თითქმის ჩვენნაირი ხასიათი აქვთ. უბრალოდ ესენი უფრო პოზიტიურები არიან.

ყოველღამე ვუსმენთ საინფორმაციოს და დღითიდღე უარესი მდგომარეობის, გაზრდილი სიკვდილიანობის მოსმენა გვიწევს. ჩინეთსაც არ ჰქონია ასეთი მძმე მდგომარეობა, რაც აქ არის. ახლა რაც რამოდენიმე ქვეყანა დაეხმარა იტალიას, თითქოს იმედი გაჩნდა.

გუშინ გამაფრთხილა მოხუცის შვილმა, რომ თუ ადამიანს საბუთზე, დანიშნულების ადგილისა და დროის შესახებ, არ ექნება მინიშება, ვერ გადაადგილდება, რადგან 3 თვით დააპატიმრებენ და დააჯარიმებენ.

ერთადერთი შვება ის არის, რომ ნერვებს არ ჰყვებიან, არ იძაბებიან, არ უშინდებიან, ყოველ საღამოს აივნებზე გამოდიან და მღერიან. ეს თავისთავად ჩვენც სტიმულს გვაძლევს, რომ არ დავნებდეთ, ცუდზე არ ვიფიქროთ და იმედით ვიყოთ.

რაც იტალიაში ვცხოვრობ, ცუდი ოჯახი არ შემხვედრია. ასეთი ერია, კეთილი ხალხია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ შევძლებდი მათ მიტოვებას. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება.

ვინც კი შევიდოდა საავადმყოფოში ჩვენიანი, ყველას უფასოდ მკურნალობდა ქვეყანა და ამის არ დანახვა არ შეიძლება.

მადლობა გადაგვიხადეს ემიგრანტებს, რომ არ მივატოვეთ მათი მოხუცები.

ცუდი დასანახია ცარიელი ქალაქის ქუჩები მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. იტალია დაიბრუნებს თავის ჩვეულ მდგომარეობას - სავსე ქუჩებს, ხალისს, ენერგიას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები