ყველა ექიმი და ექთანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების
ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა
და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში,
თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას
მიიღებს.
თიბისი დაზღვევის სპეციალური ფონდი პროგრამის - #თიბისიშენთვის
ფარგლებში შეიქმნა და იმ ექიმების და ექთნებისთვისაა განკუთვნილი,
ვინც სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ მკურნალობენ COVID-19-ით
ინფიცირებულებს და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც
საფრთხის წინაშე დგანან.
„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ
დავაფასოთ ჩვენი ექიმები - საკუთარი საქმის პროფესიონალი და გაბედული
ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში
აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო
პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება - მათი როლი და
ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით COVID-19-ის მიერ
მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას - #თიბისიშენთვის. პირველ
ეტაპზე 300 000 ლარს გამოვყოფთ, თუმცა ჩვენი ინიციატივა არ იქნება
ერთჯერადი ხასიათის. ვაცნობიერებთ, რომ ექიმების დაინფიცირების
ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომავალშიც კომპანიის კორპორაციული
პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - ამბობს პაატა ღაძაძე,
თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.
ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის
სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების
წარდგენისთანავე ამოქმედდება.
პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად
შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის
და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.
სტატიის გამოყენების პირობები