ახალი ამბები
გორსა და კასპის სოფლებში საკვირაო ბაზრები დროებით დაიკეტა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საკვირაო ბაზრები დროებით დაიკეტა. ეს ის ადგილებია, სადაც ყოველ კვირადღეს ძირითდად მესაქონლეობით ვაჭრობენ.

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული. ,,საკვირაო ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ, კორონავირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე რომ მინიმუმადე დავიყვანოთ" - აღნიშნა მან.

საკვირაო ბაზრებზე, ხშირად, ქვემო ქართლის მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაც სავაჭროდ ჩადიან. თითქმის ერთი კვირაა მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. qartli.ge წერდა, რომ ყველა ის ოჯახი შეამოწმეს, რომელთაც გასულ კვირას კავშირი ჰქონდა მარნეულთან ან იქიდან ჩამოსულ სტუმართან. განსაკუთრებით, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში.

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დაინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, ამათგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფეცქიური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის არის 2 ბავშვი

"გაგეხარდებათ და გეტყვით, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის 2 ბავშვია. სულ არსებული 5 ინფიცირებული ბავშვიდან 2 უკვე გამოჯანმრთელებულია. სამი დაგვრჩება, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები