ახალი ამბები
,,გორმედის" კლინიკიდან ლუგარში გაგზავნილ ნიმუშზე კორონავირუსი არ დადგინდა
იმ მოქალაქეს, რომლის ნიმუშიც ლუგარის ლაბორატორიაში 29 მარტს გააგზავნეს, კორონავირუსი არ დადასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ამ მოქალაქემ, ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ, განაცხადა.

ის გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან ჯერ კლინიკაში, ბოქსირებულ განყოფილებაში მიიყვანა, შემდეგ ნიმუში აუღეს.:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქე თავს შეუძლოდ გრძნობდა: გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და საჭიროდ ჩათვალეს, რომ აღებულიყო ნიმუში COVID-19 ზე. ანალიზის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განაცხადა 29 მარტს ეკა ქორჩაშვილმა.

გარდა ამისა, 29 მარტს გორიდან კიდევ გაგზავნილი იყო 10 ნიმუში, ოღონდ სამხედრო ჰოსპიტალიდან.

30 მარტის დილით მონაცემებით, საქართველოს კიდევ 7 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური განყოფილების დირექტორმა მარინა ეზუგბამიამ განაცხადა.

ახალი 7 დაინფიცირებულიდან 4 პაციენტი გორის ჰოსპიტალში წევს. გუშინ, გორიდან სულ 11 ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

იმ ერთ მოქალაქეს, რომლის ნიმუში გუშინ საღამოს ,,გორმედის" საავადმყოფოდან ლუგარში გაგზავნეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 98-ს მიაღწია

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18; კარანტინის რეჟიმში - 4978 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266.
Print

სტატიის გამოყენების პირობები