ახალი ამბები
სოფლად საერთო საქეიფო სუფრის მონაწილეები დაჯარიმდებიან
პოლიცია იმ ადამიანებსაც დააჯარიმებს, რომლებიც საერთო საქეიფო სუფრებს გამართავენ. მინისტადიონებზე გახშირებული თავშეყრის შემდეგ, სოფლებში პოლიცია სიტუაციას ამ კუთხითაც გააქტიურებს.

საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინო გამოცხადდა. საკარანტინო რეჟიმის აღსრულება დაიწყება 31 მარტის დილის 8 საათიდან. აიკრძალა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად თავშეყრა, ასევე საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე, - სახლიდან გარეთ გასვლა.

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების დინამიკა შემაშფოთებელია.

,,დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ერთი ინფიცირებული. მოვლენები ცხადყოფენ, რომ ბევრ მოქალაქეს არ აქვს გათვიცნობიერებული არსებული რისკები. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ. სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას და სანამ მაჩვენებელი ძალიან საგანგაშო არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით." - განაცხადა გახარიამ.

საკომენდანტო საათის პერიოდში პირთა გადაადგილების კონტროლის შესრულების მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, გორშიც.

,,სრულიად იკრძალება ყველა ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქში და ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ისიც იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში იქნება მხოლოდ ორი ადამიანი. იკრძალება 3 მეტი პირის თავშეყრა და დაცული უნდა იყოს 2 მეტრი დისტანცია. ამასთან აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი მიდიან უახლოეს აფთიაქში, მაღაზიასა და საავადმყოფოში." - განმარტა გვახარიამ.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა 20 გახდა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 103-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში - 5114 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები