ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან ბოლო ერთ თვეში 20-მდე მოქალაქე დააკავეს
,,რამოდენიმე დამრღვევს აღმოაჩნდა კორონავირუსის დაავადებისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები. მათი ნაწილი იმყოფება კარანტინში, ხოლო ნაწილი გაძევებულია საქართველოში“ -აცხადებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრი.

ცხინვალის  მედიის ცნობით, ე.წ. საზღვარი, ქართველების მხრიდან, 26 თებერვლიდან 30 მარტამდე 20-ჯერ დაირღვა.

,,კონკრეტულად 26 თებერვლიდან, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, 30 მარტამდე სასაზღვრო სამსახურმა დააფიქსირა საზღვრის დარღვევის 20-მდე შემთხვევა. 23-30 მარტამდე რამოდენიმე დამრღვევს, ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეს გამოუვლინდა ვირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ოსეთის მოქალაქეები ჰოსპიტალიზებული არიან კარანტინში, ხოლო საქართველოს მოქალაქეები გაძევებულები არიან რესპუბლიკის ტერიტორიიდან.“ - აღნიშნულია ,,კგბ“-ს განცხადებაში.

ცხინვალში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფო საზღვრების კონტროლს, მათ შორის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთთან.

,,ანალოგიურად ჩაკეტოს საზღვარი ისე როგორც ჩაკეტა თურქეთთან, აზერბაიჯანთან სომხეთთან და რუსეთთან.“ - ითხოვენ ცხინვალში.

სახელმწფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში მძიმე ვითარებაა, რადგან იქ ,,წითელი ჯვრის“ გარდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვსთ.

,,ცხინვალის რეგიონში მდგომარეობა კრიტიკული და მძიმეა. გარდა "წითელი ჯვრისა", იქ წვდომა არ აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ვცდილობთ მათი მეშვეობით გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ. დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

საქართველოში საყოველთა კარანტინი დღეს დილის 8 საათიდან ამოქმედდა. საღამოს 21 საათიდან კი, კომენდანტის საათი მოქმედებს.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა  არის - 110; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 21;  კარანტინის რეჟიმში - 4995 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278;
Print

სტატიის გამოყენების პირობები