ახალი ამბები
მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში მარტოხელა ქალი, ლალი ზერეკიძე დახმარებას ითხოვს. სოციალური დახმარება 2020 წლის იანვრიდან შეუწყდა.

მას შემდეგ, რაც დედა გარდაეცვალა, საპენსიო შემოსავალსაც ვეღარ იღებს. დედა პენსიონერი ჰყავდა. სოციალურ მომსახურების სააგენტოში უთხრეს, რომ აღდგენა აპრილიდანაა შესაძლებელი.

,,შემოსავალი არ მაქვს, პურის ყიდვა მაინც მიწევს. შეშა სკოლიდან მომცეს, იქ დაჭრეს რაღაცეები და დედაჩემს მისცეს. მჭირდება მედიკამენტებიც, მაგრამ მისი შეძენა არ შემიძლია. წამლებს როცა არ ვიღებ, მდგომარეობა მიუარესდება" - გვითხრა მან.

მარტოხელა ქალის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსია სოფლის წარმომადგენელი საკრებულოში ზურაბ ყაჯრიშვილი. მისი თქმით, მიმდინარე წელს, შესაძლებელი იქნება გარკვეული სახის დახმარება, თუმცა კონკრეტულად რა სახის იქნება, ჯერ ვერ აკონკრეტებს.

,,ნეტა სახლი გამიკეთონ, ზედ არ ჩამომენგრეს. 12 დეკემბერი იყო, როცა კედელი ჩამოინგრა. მაშინ დედა ცოცხალი იყო. ღამე დავიწყე ყვირილი, ვაიმე, დედა, სახლი ჩამოგვენგრა-მეთქი. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია სახლი" - ამბობს ლალი ზერეკიძე.

ის ცხინვალიდან დევნილია. 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს, დედასთან ერთად, ცხინვალი დატოვა. ლალი ზერეკიძეს ჰყავს მხოლოდ ერთადერთი და, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.

 




Print

სტატიის გამოყენების პირობები