ახალი ამბები
ცხინვალში 115 სტუდენტი რუსეთიდან დაბრუნდა
რუსეთიდან ცხინვალში უკვე 115 სტუდენტი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, არ დაბრუნებულა 250 სტუდენტი, რადგან ისინი სამხედრო სასწავლებლებში იმყოფებიან და კარანტინს იქ გადიან.

მას შემდეგ, რაც რუსეთის უნივერსიტეტებში კარანტინი გამოცხადდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს დაევალათ სამშობლოში დაბრუნება.

მოსკოვში განთავსებულ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთში დარჩენილი 250 სტუდენტი თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში სწავლობს, სადაც საკუთარი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

,,ამრიგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარტში შეზღუდა სტუდენტების განთავისუფლება სასწავლებლებიდან და, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გააუქმა.

,,რუსეთში დარჩენილი სტუდენტებიდან, მოსკოვში დაახლოებით 100 სტუდენტი იმყოფება, ხოლო სანკტ – პეტერბურგში 120 – მდე. ჩრდილოეთ ოსეთში კი 30 სტუდენტი რჩება. ესენი არამარტო სტუდენტები, არამედ სამხედროები არიან. შესაბამისად, ისინი იქ იმსახურებენ კარანტინებს” - აღნიშნა სამხრეთ ოსეთის დიპლომატიური მისიის მრჩეველმა ზარა ვალიევამ.

რაც შეეხება კორონავირუსს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღეის მდგომარეობით, 198 ადამიანია იზოლირებული. მათგან 115 სტუდენტია და გადანაწილებულნი არიან 7 სამედიცინო დაწესებულებებში” - განუცხადა ცხინვალის მედიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ანნა გაგლოევამ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები