ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,ცხელების ცენტრები" ამოქმედდა
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, შიდა ქართლის რეგიონებში ამოქმედდა ,,ცხელების ცენტრები", ასევე, მუშაობის პროცესში ჩაერთვნენ ოჯახების ექიმები. გორმედის ექიმის, ვასილ ჭეიშვილის თქმით, მოქალაქეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგი მიმართულებით:

,,ჩაირთო ცხელი ხაზი, 112-ზე. მოქალაქეები უკავშირდებიან ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ოჯახის ექიმებს, რომლებიც მორიგეობენ. სპეციალური ალგორითმის მიხედვით ხდება პაციენტის შეფასება, თუ არავითარი ნიშნებია, პაციენტი რჩება სახლში, თუმცა შემდეგ პროტოკოლის მიხედვით ჩვენ ვუკავშირდებით პაციენტებს და ვამოწმებთ მათ მდგომარეობს. ვისც საეჭვო სიმპტომები აქვს, გადაგვყავთ ცხელების ცენტრში" - აღნიშნა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. ცხელების ცენტრებს, ვასილ ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ გორსა და ხაშურის კლინიკაში გამოყოფილია სპეციალური ზონები, სადაც 112-ის მეშვეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მიყავს პაციენტები.

ე.წ. ცხელების ცენტრში, გუშინ, 12-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 7 პაციენტი არ საჭიროებდა მკურნალობას, გაუშვეს სახლში, ხოლო დანარჩენები დარჩნენ კლინიკაში მცირე ხნით. არც ერთს არ აღენიშნა კორონავირუსი.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის მსუბუქი ფორმები, სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

,,ჩინელმა ექიმებმა მოგავწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, მოხდება სატელოფონო ზარით" - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ზარებს მოქალაქეებისგან 112-ზე მიიღებენ:

,,თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითიც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციის და კოორდინაციის შემდეგ", – განაცხადა ტიკარაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები