ახალი ამბები
შიდა ქართლში თერმოსკრინინგი 4000-მდე ადამიანმა ჩაიტარა
,,ჩვენ ვართ ომში, რომ დავამარცხოთ მტერი. უჰანმა ეს შეძლო და ამას გავაკეთებთ ჩვენც" - ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი გორმედის ექიმმა ვასიკო ჭეიშვილმა. მან თქვა, რომ ეს სიტყვები მოისმინა დილით ტელევიზორში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრიფინგი იყო ჩართული.

ბრიფინგის დაწყებამდე აცხადებდა, რომ კორონავირუსს დაამარცხებს ყველაზე მეტად ადამიანებს შორის დისტანცია. შემდეგ კი, უშუალოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

,,გუშინ ქოლცენტრში განხორციელდა 14 ადამიანის ზარი, აქედან ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოდ იქნა მიჩნეული. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა ცხელების ცენტრში, მისი ტესტი გადაიგზავნა შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც ღამის 3 საათზე მოგვივიდა პასუხი, რომ არ არის დაავადებული კორონავირუსით." - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება ,,გორმედში" მისულ მოქალაქეთა რაოდენობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში. სულ შეიყვანეს 12 პაციენტი, 5 მათგანი გაწერეს მალევე, რომლებიც ბინაზე იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ პაციენტებსაც სახლში გაწერენ.

ხაშურში დღეღამის მანძილზე ცხელების ცენტრში 2 პაციენტი მიიყვანეს, ერთი პაციენტი სტაციონარშია, მეორე კი ცხელების ცენტრშია და ისიც გადაყვანილ იქნება სტაციონარში: ,,თუმცა მათთან სხვა დაავადებებზეა ყურადღება მისაქცევი" - განაცხადა ვასიკო ჭეიშვილმა.

გორის საკარანტინო პუნქტან ბრიფინგი შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმაც გამართა. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა განახევრებულია, თუმცა არ უთქვამს, თუ რამდენი იყო წინა დღე-ღამის განმავლობაში დამრღვევთა რაოდენობა.

გუბერნატორმა ისიც აღნიშნა, რომ 2 დღეში შიდა ქართლის გზებზე თერმოსკრინინგი 4000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. საეჭვო შემთხვევა არც ერთი დაფიქსირებულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები