ახალი ამბები
გორის სოფლების სადეზინფექციოდ 200 ლიტრი ხსნარი გამოიყო
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 7 აპრილს მიიღეს.

სოფლებში მდებარე სახელმწფო შენობებისა და საჯარო სივრცეებისთვის ამ ეტაპზე 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარია საჭირო.

მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის დავით ჩიხრაძეის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ამისათვის ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარი დაიხარჯება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქალაქ გორში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას, ხელის აპარატების მეშვეობით, დეზინფექცია ჩაუტარეს. ეს ძირითადად, სკვერებს შეეხო და ასევე სავაჭრო ობიექტების შესასვლელ კარებს.

მერია ამ ეტაპზე სპეცტექნიკის გამოყენებას კვლავ არ აპირებს.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 პირია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები