ახალი ამბები
სოფელ რუისში 80-მდე პირი თვითიზოლაციაშია - დაინფიცირებულ სპორტსმენის ძმასთან კონტაქტის გამო
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 80-მდე პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენია, რომლის ძმასთან კონტაქტი რუისის ოთხ მოქალაქეს ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ოფისის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში 7 ადამიანის ნიმუში გაგზავნეს, რომელთაგან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა. სულ რეგიონიდან 28 ნიმუშია გაგზავნილი.

ცენტრის რეგიონის წარმომადგენელი, ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რუისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობას უწევენ, უტარებენ თერმოსკრინინგს.

რუისი ყველაზე დიდი სოფელია შიდა ქართლში და მისი მოსახლეობა 5 ათასს აღწევს.

,,შიდა ქართლში პანიკის საფუძველი არ არსებობს." - აცხადებს ქორჩაშვილი.

რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენს, ის ლევან ღვინჯილიაა და მოგზაურობის ისტორია აქვს. მან სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"28-29 მარტს გავჩერდი ჩემი მეგობრის ოჯახში, წალენჯიხის რაიონში, სოფელ ლიაში, ვისთანაც 20 მარტს მჭიდრო კონტაქტი მქონდა თბილისსში. ვიყავი ზუგდიდში ერთ ოჯახში 1 საათით და ვიყავი წალენჯიხის რაიონის ასევე დაგაინტერესებთ კიდევ ერთ სოფელში საფლავზე, სადაც ჩემს დანახვაზე მეზობელმა შემიპატიჟა სახლში. საერთო ჯამში კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან. აქედან მჭიდრო კონტაქტი 4 ადამიანთან. ვიცავდი მაქსიმალურად დისტანციას და ვერიდებოდი ახლო კონტაქტს ყველასთან. არ ვყოფილვარ ჩხოროწყუს რაიონში გავლითაც. არ ვარ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, ცხოვრებაში ნამყოფი არ ვარ იქ. არ გადმოვსულვარ აფხაზეთიდან. არ მაქვს მოგზაურობის ისტორია საერთოდ. ვერც წარმომედგინა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ გამაჩნდა არანაირი სიმპტომი საერთოდ. თბილისში ჩამოსვლის მეორე დღეს, 31 მარტს მეგობარმა დამირეკა, რომელთანაც კავშირი მქონდა 16 მარტს და მითხრა, რომ იმყოფება საავადმყოფოში და ელოდება ტესტის პასუხს. 1 აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი. მე ეგრევე დავრეკე კონტაქტებთან და ისინი მოექცნენ თვითიზოლაციაში. 3 აპრილს მეც დამიდგინდა კოვიდ-19." - აცხადებს სპორტსმენი.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 პირია.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები