ახალი ამბები
მიტროპოლიტი იობი: ,,სავალუტო ფონდი 3,5 მლრდ დოლარით გვეხმარება, რის ხარჯზე?"
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი კვლავაც აცხადებს, რომ კორონავირუსი არ არის საშიში, ხოლო მრევლს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან დიდ ხუშთაბათს, 16 აპრილს, ქარელის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ, ისაუბრა.

მისი თქმით, ლოცვა მთებს დასძრავს და ავადმყოფს განკურნავს, ოღონდ, ამ შემთხვევაში გულმხურვალე ლოცვაა საჭირო.

,,ლოცვა მთებს დასძრავს და ავადმყოფს განკურნავს. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით, მოყავს პედაგოგები და მოსწავლეები, ათქმევინებს, რომ სკოლაში ლოცვა აუცილებელი არის. აი, ამ დასკვნამდე მივიდნენ" - აცხადებს მეუფე იობი.

მან საერთაშორისო დახმარებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს 3,5 მლრდ დოლარით ეხმარება, ეხმარება ასევე ქვეყანას ევროკავშირიც: ,,რის ხარჯზე" ყველაფერი ნათელია, ებრძვიან ეკლესიას" - აღნიშნავს მიტროპოლიტი.

2 კვირაზე მეტია მიტროპოლიტი თავის მრევლს ტაძარში სიარულისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ქარელის საკათედრო ტაძარში მრევლი დისტანციას არ იცავს.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, 15 აპრილს პრემიერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველო დასავლეთის ქვეყნებისგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ ყველა ამ დონორ ორგანიზაციასთან პირველადი მოლაპარაკებების თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ისინი 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინექციას განახორციელებენ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები