ახალი ამბები
წითელმა კვერცხმა ,,საზღვარი" გადაკვეთა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძე დღეს მავთულხლართების იქით დრჩენილ სასაფლაოსთან მივიდა, სააღდგომო კვერცხი, პასკა, სანთელი მიიტანა და მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომა ახარა.

მის გამოჩენას სასაფლაოებთან რუსი ჯარისკაცი ტელეფონით იღებდა.

ლია ჩლაჩიძის თქმით, ტრადიციას ვერც წელს უღალატადა და მავთულხლართების მიღმა დარჩენილი საფლავებთან მივიდა.

,,უჩვეულო სიჩუმეა საოკუპაციო ხაზთან, Covid_19-მა საერთოდ დაადუმა ერგნეთ. ხალხი გაგებით ეკიდება შექმნილ მდგომარეობას და ზედმიწევნით ასრულებს საგანგებოდ დადგენილ რეკომენდაციებს. ტრადიციას ვერც წელს ვუღალატე… ოკუპანტებიც ინტერესით, უხმოდ მადევნებდნენ თვალს. ქრისტე ყველასთვის აღსდგა! იქითა მხარეს დარჩენილ ჩვენს მიცვალებულებს ხსოვნა და არ დავიწყება!“-წერს ლია ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძე დაიბადა ქ. ცხინვალში. დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტ. 2004-2008წწ. იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის ჟურნალისტი ეუთოს ეგიდით. 2006-2008წწ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი. ამჟამად ლია ჩლაჩიძის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

მისი ინიციატივით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ გაიხსნა.

მუზეუმში, რომელიც ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში მდებარეობს, ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთებია გამოფენილი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ცხინვალის გვერდით მდებარე ამ პატარა სოფელში იქ შესულმა მაროდიორებმა სახლების 90 პროცენტი ჯერ გაძარცვეს და შემდეგ გადაწვეს. სოფელში დარჩენილი რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. განადგურდა სოფლის ინფრასტრუქტურა და ომის შემდეგ ერგნეთში დაბრუნებულ მცხოვრებლებს აღარაფერი დახვდათ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაღუპა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები