ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, 27 აპრილიდან, ორშაბათიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

ჩაკეტილია მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები, ასევე. თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.

21 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 95, გარდაცვლილია - 4, კარანტინის რეჟიმშია - 4816 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პაციენტი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები