ახალი ამბები
,,ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება არ გვაქვს’’ -გორის მერია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, ოჯახი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, დახმარებას ითხოვს.

ბავშვების დედის, ჟანა გოგიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო ოჯახი 10 თვის ბავშვისთვის წამლების, საკვებისა და საფენების შეძენას ვერ ახერხებს.

,,სოფელში, მაღაზიები ჩვეულებრივად მარაგდება პროდუქტებით და ჩვენთვის კვების პრობლემა არ დგას, მაგრამ მყავს 10 თვის პატარა, რომელსაც სპეციალური საკვები, წამლები და საფენები ესაჭიროება, რომელიც სოფლის მაღაზიებში არ იყიდება. საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებთ რომ ვუყიდოთ. არც საკუთარი მანქანა გვყავს და არც სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს.’’ - გვიყვება ბავშვის დედა.

ჟანა გოგიტიშვილის თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით, ის დაუკავშირდა, როგორც გამგებელს, ასევე მერიას, თუმცა უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებიან, რადგან მერიას 10 თვის ბავშვისთვის გათვალისწინებული საკვები არ აქვს.

Qartli.ge ბერშუეთში მერის წარმომადგენელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ოჯახისთვის დახმარების ვალდებულება არ აქვს, რადგან მერიას მსგავსი შემთხვევებისთვის თანხები არ გამოუყია.

,,მერიას აქვს პროდუქტებით დახმარების პროგრამა მხოლოდ მარტოხელებისა და მრავალაშვილიანებისთვის. ეს ოჯახი კი, არც ერთს არ მიეკუთვნება, ამიტომაც მე არ მაქვს ვალდებულება, რომ დავეხმარო სხვა ოჯახებს. როგორც იცით, ახლა მთავრობამ დაუშვა დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო და შხამ-ქიმიკატების შესაძენად. მათ შეუძლიათ სწორედ დაშვებულ საათებში ისარგებლონ და ამ დროს შეიძინონ, რაც აუცილებლად სჭირდებათ. თუ მაინცდამაინც არავინ ჰყავთ, ვინც მანქანით მოემსახურება, მაშინ მე შემიძლია, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩემი მანქანით მოვემსახურო.’’ - ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით ცერცვაძე.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის მერიასაც, სადაც აცხადებენ, რომ მათ 10 თვის ბავშვისთვის განკუთვნილი დახმარება არ აქვთ და გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით ოჯახი მათ უნდა დაუკავშირდეს და ამ პრობლემას მოუხსნიან.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი საშვის გაცემა ავტომობილზე ანდა მერიის კუთვნილი ავტომანქანით მომსახურება.

სოფელი ბერშუეთი ე.წ. საზღვართან მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილებით გადაადგილება - 27 აპრილამდე აიკრძალა. ხოლო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები