ახალი ამბები
გორში აგრარული ბაზრების გახსნა მეპატრონეებზეა დამოკიდებული
გორში აგრარული ბაზრების გახსნა მეპატრონეების მიერ გატარებულ ღონისძიებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ შიდა ქართლის სააგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ იგი მფლობელებს შეხვდა და ის რეგულაციები შეახსენა, რომელსაც სავაჭრო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს. შეგახსენებთ, 27 აპრილიდან საქართველოს მთავრობა გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების მოხსნას გეგმავს, მათ შორის, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას.

მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას.

მოთხოვნები ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები.

სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება. თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევის წესებსაც, მათ შორის, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული ჰქონდეს სანიტარული ჰიგიენური წესები. ასევე, აღსანიშნავია რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც.

,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 4 აპრილიდან, შიდა ქართლში, ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები კასპის, ქარელისა და ხაშურის ბაზრებსაც შეეხო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები